თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ნიღბების გამოყენება არ იწვევს ჰიპოქსიის - ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობის - განვითარებას, აღნიშნულია ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
კლივლენდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს (ოჰაიოს შტატი) მეცნიერებმა საშუალოდ 33 წლის ასაკის 50 მოხალისის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექიმებმა გაუზომეს მათ გულისცემის სიხშირე, ასევე სისხლში ჟანგბადისა და ნახშირბადის დონე სწრაფი სიარულის დროს და მოსვენებულ მდგომარეობაში.
მაჩვენებლების შედარების შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არც ერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა ან ნახშირბადის სიჭარბე.
„იმედი გვაქვს, ეს შედეგები ადამიანებს დაარწმუნებს, რომ მათ სხეულს შეუძლია ჟანგბადის სრულად მიღება ნიღბების ტარებისას“, - ასკვნიან მეცნიერები.