ესპანეთის სანაპიროსთან კოკაინით სავსე გემზე ოთხი ქართველი დააკავეს

© REUTERS / Albert Geaპოლიცია ბარსელონაში
პოლიცია ბარსელონაში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
საქართველოს ოთხი მოქალაქე ახლა ბარსელონას ციხეში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატები იცავენ

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

სპეცოპერაცია სახელად „ბოკანეგრა“ ესპანეთის სამართალდამცველებმა პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 22 თებერვალს ჩაატარეს. ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემა გაიშიფრა. ამოღებულია 3 ტონა კოკაინი, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე დაახლოებით 150 მილიონ ევროს აღწევს.

მშრალტვირთი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2021
თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირულმა გემმა საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა

სპეცოპერაციის შედეგად გემ „ნეჰირის“ ეკიპაჟის ცხრა წევრი დააკავეს. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მათგან ოთხი საქართველოს, ხუთი კი თურქეთის მოქალაქეა. ბარსელონას ციხეში გადაყვანამდე ქართველმა მეზღვაურებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხეს.

ესპანური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბორტზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, ეკიპაჟის წევრებმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს.

ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო საზღვაო გემით. მათ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტანკერი ჩაძირეს.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, კოკაინით დატვირთული ტანკერიდან ნარკოტიკი მცირე გემებით ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში უნდა გადაეზიდათ. 

დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა დაკავებულების ინტერესების დამცველებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც დაადასტურა, მათი განცხადებით, ესპანეთის სამეფოს საელჩოდან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით, გემი ჩაიძირა ესპანეთის სანაპიროსთან და გემის ეკიპაჟი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დაკავებულები არიან ესპანეთის სამართალდამცავი უწყების მიერ.

ყველა ახალი ამბავი
0