თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ გამოიწვიოს, იუწყება „რუსთავი2“.
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის დადებითი შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 4 პროცენტამდე შემცირდა, ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების მოხსნამ ინფიცირების შემთხვევების მატება შეიძლება გამოიწვიოს. მისი თქმით, ის ყოველთვის ემხრობოდა შეზღუდვების არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხსნას, რათა ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო.
„თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას და არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ ლოკდაუნს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ასევე ფიქრობს პროფესორი მაკა ბულეიშვილი – შეზღუდვების მოხსნას ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმება შეუძლია. მისი აზრით, არსებული რეკომენდაციები მკაცრად უნდა იყოს დაცული.
ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან – რა გააკეთა ქვეყანამ?>>
„რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ ვაქცინაციამდე შევინარჩუნოთ კიდეც ეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა", - აღნიშნა ბულეიშვილმა.
სკანდალი ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკანდალია, რომელმაც მას შემდეგ იფეთქა, რაც თებერვლის ბოლოს დაპირებული Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანას არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინა მარტში შემოვა. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის საჭირო სპეციალური 50 ათასი შპრიცი. მობილიზებულია ამ კომპანიის ვაქცინის შესანახად საჭირო სპეიცალური მაცივრები. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. საქართველომ უკვე დაიწყო მზადება AstraZeneca–ს ვაქცინით აცრისთვის.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა COVAX პლატფორმას უჩივლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო არ იყო მზად.
უფრო ადრე ერთ–ერთ ქართულ მასმედიაში პლატფორმაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატის ავტორიზაცია მოახდინეს, ასევე გააფორმეს შეთანხმება ზარალის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოში კოვიდვაქცინაციის დაუბრკოლებელი პროცესის უზრუნველსაყოფად დეკემბერში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
„პანდემიის დროს კორუფციის რისკი მაღალია“ - რისთვის არის მზად ჯანდაცვის სამინისტრო>>
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ამჟამად დაფიქსირებულია ინფიცირების 271 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 541 ადამიანი.