თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნით მესამე საექსპორტო მატარებელი გაემგზავრა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
41 ორმოცფუტიანი კონტეინერისგან შემდგარი ბლოკ-მატარებელი, რომელიც თურქეთში წარმოებული ელექტროტექნიკური აღჭურვილობითაა დატვირთული, სადგურ კოესეკოიდან (Köseköy railway station) ჩინეთის ქალაქი სიანისკენ გაემართა.
როგორც კი მატარებელი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ბაქოს მიაღწევს, ის ფიდერული გემით ყაზახეთში, აქტაუს პორტში მოხვდება. შემდეგ ის გზას განაგრძობს რკინიგზით, განაცხადეს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილ კომპანიაში ADY Container.
2021 წლის 29 იანვარს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ანკარიდან რუსეთის მიმართულებით პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი დაიძრა. ამავე დღეს ბლოკ-მატარებელი დაიძრა ანკარა-სიანის მარშრუტით: 7792 კილომეტრის სიგრძის მარშრუტი ორ კონტინენტს გაივლის.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.