თბილისი, 3 მარტი – Sputnik. COVAX–პლატფორმა საქართველოს მიმართავს, დაადასტუროს, თუ არის დაინტერესებული ახალი ვაქცინა „ნოვავაქსით“. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ცერცვაძე: კარგი ხარისხის ვაქცინა თუ გვინდა, უნდა მოვითმინოთ>>
გაბუნიას თქმით, პლატფორმაზე „ნოვავაქსი“ უკვე გამოჩნდა, მაგრამ ის ავტორიზებული ჯერ არ არის.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დავადასტურებთ ამ ინტერესს. რაც შეეხება პირდაპირ მოლაპარაკებას, ეს პროცესიც დაწყებულია. „ნოვოვაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი იქნება სერუმის ინსტიტუტი, როგორც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში. უკვე გაგზავნილია წერილი, რომ ჩვენ გვაინტერესებს „ნოვოვაქსის“ თემაზე მათთან კომუნიკაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, მალე გახდება ცნობილი დოზების ოდენობა და ჩამოსვლის სავარაუდო ვადები.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, COVAX–პლატფორმა ქვეყანას მხოლოდ იმ ვაქცინებს სთავაზობს, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია გაიარა. რაც შეეხება „ნოვავაქსს“, ის ჯერ არ არის ავტორიზებული და ამ პროცესს ახლა გადის.
გაბუნიას განცხადებით, ავტორიზაციის პროცესში კიდევ რამდენიმე ვაქცინაა, მაგალითად, ჩინური წარმოების „სინოფარმი“, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. ვაქცინები, რომლებიც შემოვა ბაზარზე და ამის რეალური ნიშნები არსებობს, ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას.
COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ამასთან, ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.