თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს, ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია“: გამყრელიძემ განმარტა, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები>>
გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ მხოლოდ ორ ვაქცინაზე – AstraZeneca-ს და Pfizer-ზე აქვს ავტორიზაცია გაცემული.
მისი ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინების პირველი პარტია მარტის თვეში შემოვა.
„დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა COVAX–პლატფორმაზე გადარიცხა 575 ათასი დოლარი. ჩვენი ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ COVAX–პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და ვაქცინაცია, დიდი ალბათობით AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ დოზებს, რასაც COVAX–ი იყო შეპირებული, საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს.
„გუშინ მივიღეთ შემოთავაზება COVAX-იდან ახალი ვაქცინის შესახებ, Novavax-ი განთავსდება ორი თვის შემდეგ ამ პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო. ეს არის ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს. გარდა COVAX-პლატფორმისა, ჩვენ Novavax-თან და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.