დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ბიუროს დღეს წარედგინება

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
არჩევნებზე დარღვევების შესასწავლად შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტებს ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი დაიკავებენ.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს ბიუროს წარედგინება. 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს. 

მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ვინ შევა არჩევნების შემსწავლელ დროებით კომისიაში ოპოზიციის სახელით

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სამი დღის ვადაში გაიმართება, რომელზეც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევენ. ასევე დაამტკიცებენ კომისიის წესდებას.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, რომელშიც ოპოზიცია და უმრავლესობა ადგილებს თანაბრად გადაინაწილებენ – მმართველი გუნდიდან კომისიაში გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, „ევროპელ სოციალისტებს“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია წარმოადგენენ.

პარლამენტში მყოფი მეორე ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. დროებით საგამოძიებო კომისიას ასევე უნდობლობას უცხადებენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები.

კომისიაში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დეპუტატებს დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებულ მასალებს მიაწვდიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.

17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0