თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის ცენტრალური გამზირი დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანმა გადაკეტა. ისინი მსვლელობას აწყობენ საქართველოს პარლამენტისკენ.
მსვლელობას წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიუძღვებიან ბანერით ხელში, რომელზეც არის წარწერა „თავისუფლებისთვის“.
მსვლელობაში მონაწილეობენ როგორც თბილისელები, ისე რეგიონებიდან პროტესტის გამოსახატად სპეციალურად ჩამოსული ადამიანები.
აქციაზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებას. ასევე მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ფილარმონიასთან შეიკრიბა. ისინი მივლენ პარლამენტთან, სადაც ძირითადი მიტინგი გაიმართება და გამოცხადდება ოპოზიციის სამომავლო გეგმა.
შსს-მ თბილისის ცენტრში შეზღუდვების თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა და მძღოლებს გადაადგილების ალტერნატიული გზები შესთავაზა.