თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას უფლებადამცველებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სარჩელის დასაშვებობის საკითხს დააკმაყოფილებს.
შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა.
ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა დღეს იწურება.
საძაგლიშვილის განმარტებით, თუ მეორე ინსტანციის სასამართლო მელიას საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, ის უზენაეს სასამართლოში აღარ საჩივრდება, თუმცა ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე შეძლებს, აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვოს.
„ჩვენ ვიცით, რომ ნიკა მელიას საქმეზე ყველა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ მიიღება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, საზოგადოება ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რაც სერიოზული პრობლემა იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.
ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მისმა უფლებადამცველებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატებმა შეიტანეს შუამდგომლობა, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკონსიტუტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვასაც, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ნორმატიული შინაარსი.
საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც, ამავე დროს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.
მელიამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პოლიტიკური პროცესებისგან მისი იზოლირების მცდელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.