თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და უნდა გააანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი დესტრუქციული პროცესები.
23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.
მელიას დაკავებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა როგორც დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან. საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი შეშფოთებას გამოთქვამს პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით, აშშ-ის საელჩომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
ვოლსკის განცხადებით, დასავლელმა პარტნიორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის ინტენსიურ ცვლილებას და პასუხებიც საკმაოდ ნათელი იქნება.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, როცა პოლიტიკური ძალები მოლაპარაკების მაგიდასთან კი არ სხედან, არამედ მთელი ენერგია ქუჩაში აქვთ გადატანილი, ზიანდება ის პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნება” 2012 წლიდან მიჰყვება.
„სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” მიზანი, რომ მათი სცენარით ვიმოქმედოთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ საკითხების სამართლებრივი ფორმატიდან პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების კონსპირაციული გეგმის ნაწილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.