საქართველოს პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ დაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მაშინვე განაცხადა, რომ შეჩერებას არ აპირებს და ნიკა მელია უნდა დააკავონ.
რამდენიმე დღით ადრე ენმ-ის ლიდერის დაკავების გამო პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა გიორგი გახარიამ და ღიად განაცხადა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსთან უთანხმოების შესახებ. ის მიიჩნევდა, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევდა.
ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის არეულობების ორგანიზება ედება ბრალად. მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მისი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლირება სურს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
ბოლო დღეების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ ლიდერი პარტიის ოფისში იმყოფებოდა თანამოაზრეებთან ერთად.
მისი დაკავების შემდეგ ოპოზიციამ ახალი მიტინგი გამართა კანცელარიასთან და მასშტაბური აქციებიც დააანონსა. პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არავინ საუბრობს.