„რა უბედურება გვჭირს?“ – ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
ღარიბაშვილის თქმით, მისი ერთ–ერთი პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში სწორედ მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანში განხორციელდება

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას. რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს? განაცხადა  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

გასულ წელს, 2020 წლის 7 ოქტომბერს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2021
საქართველოს საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემის პროცესი – ეს იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა შექმნილიყო მეზობელ ქვეყანასთან. მისი თქმით, მუშაობდა „სიცრუის პროპაგანდა", რომ თითქოს დავით გარეჯის საქმე მოგონილია.

„თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი... რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას?“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.

ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია, მას მართავს ბრძენი ადამიანი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობა აქვს და თუ კოვიდპანდემიამ არ შეუშალა ხელი, მისი ერთ–ერთი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განხორციელდება.

„ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მე მჯერა, რომ ილჰამ ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენც მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0