თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი სენატორები მწვავედ აკრიტიკებენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების მიმართ, იუწყება გამოცემა The Wall Street Journal.
„ბაიდენის მთავრობა გზავნის სიგნალებს, რომ მზადაა გასცეს ნებართვა გაზსადენის მშენებლობაზე, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ამერიკის ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ენერგოუსაფრთხოებისთვის“, — განაცხადა სენატორმა ტედ კრუზმა.
სენატორების კრიტიკა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მოჰყვა, რომელშიც ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებსაც, სავარაუდოდ, დაუწესდებათ სანქციები გაზსადენის მშეებლობაში მონაწილეობის გამო. სენატორ კრუზსა და მის კოლეგებს — ჯიმ რიჩსა და მაიკლ მაკოლის კი ეს წინადადებები „სრულიად არაადეკვატურად“ მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ისინი არ შეესაბამება კონგრესის განზრახვას, აღიკვეთოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ბოლომდე დასრულება.
WSJ-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია რუსული მილგამყვანი ხომალდის „ფორტუნასა“ და მისი მფლობელი КВТ-РУС-ის მიერ ამერიკული შეზღუდვების დარღვევასა და მათ მიმართ სანქციების შემოღებაზე. ამასთან ხომალდსაც და კომპანიასაც უკვე აქვს დაწესებული შეერთებული შტატების მიერ შეზღუდვები სხვა მუხლებით. პროექტში მონაწილე სხვა რუსული, გერმანული თუ ევროპული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე კი დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ არც თეთრ სახლსა და არც სახელმწიფო დეპარტამენტს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ, ხოლო ანგარიში არ გამოქვეყნებულა.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიის განცხადებით, პროექტი 95%-ით მზადაა, მისი ბოლომდე დასრულებისთვის სულ მხოლოდ 120 კმ მილების ჩადებაა დარჩენილი დანიის წყლებში, და დაახლოებით 28 კმ — გერმანიის წყლებში.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ, უკრაინა და ასევე ევროპის მთელი რიგი ქვეყნები. შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 2019 წელს, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია Allseas იძულებული გახდა, შეეჩერებინა მილების გაყვანის პროცესი. 2021 წელს კი, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ძველმა ადმინისტრაციამ, გარდა „ფორტუნასი“ და მისი მფლობელი КВТ-Рус-ისა, სანქციების ჩამონათვალში შეიყვანა კომპანია „რუსტანკერი“ და ტანკერები „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“.
რუსეთმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი კომერციულია და ის ხელსაყრელია ევროპისთვის. ამასთან ბერლინი მხარს უჭერს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას და ეწინააღმდეგება აშშ-ის ცალმხრივ ექსტერიტორიულ სანქციებს.