ზოგადი განათლების მოდელის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გახდება

© photo: Sputnik / საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
სამინისტროს პოლიტიკა მდგომარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებაში და მათთვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭებაში, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოში უახლოეს ოთხ წელიწადში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის მოიმატებს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასები, განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მიზნით არის გადადგმული, ასევე მან აუდიტორიას მიმდინარე და სამომავლო პროექტები წარუდგინა.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
საქართველოში აბიტურიენტებისთვის სიახლეები იგეგმება

ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასაკში ბავშვების სწავლებისა და განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულია და ინერგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, რაც სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებმა სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვა შეძლონ.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით შეიქმნა „პანდემიის შემდგომ საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი“, რომელიც ხელს შეუწყობს სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებისთვის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

მინისტრობის კანდიდატმა საუბრისას ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის გაძლიერებას.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, იგეგმება ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტების, ხოლო სკოლებში კი – ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას შეუწყობს ხელს, განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კუთხით, სკოლების დეცენტრალიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, მიმდინარეობს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2020
სკოლები კორონავირუსის პერიოდში – განათლების სამინისტრომ ახალი პროტოკოლი შეიმუშავა

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ. სწორედ ამ მიზნით, საჯარო სკოლებში საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Minecraft Education Edition-ის დანერგვის პროცესი.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნას, 2021 წლიდან მანდატურები დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდნენ და უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, იწყებს „სასკოლო მედიაციის“ მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატებას.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ინიციატივით დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი, ხოლო ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0