თბილისის „დინამო“ საქართველოს ფეხბურთის სუპერთასის მფლობელი გახდა

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო“
თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
თბილისის „დინამო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი მერვედ გახდა, ხოლო ნემსაძისთვის ეს პირველი ტიტულია კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. თბილისის „დინამო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „დინამოელებმა“ პენალტების სერიაში „გაგრა“ დაამარცხეს.

მატჩის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ - 2:2. „გაგრა“ გიორგი ქობულაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ მე-12 წუთზე დაწინაურდა. შესვენებამდე დინამოელებს ანგარიშის გათანაბრებისთვის რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დედაქალაქის კლუბის მოთამაშეებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

მეორე ტაიმი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ძალიან აქტიურად დაიწყო და „დინამოს“ ახალწვეულმა ზორან მარუშიჩმა 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ნემსაძის შეგირდები ინიციატივას დაეუფლნენ და ტაიმის შუა პერიოდში დაწინაურდნენ - თავი გიორგი გაბედავამ გამოიჩინა.

თუმცა „დინამოელებმა“ ანგარიშის „დაჭერა“ ვერ შეძლეს და საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე კუთხურის გათამაშების შემდეგ ლუკა ნოზაძემ ანგარიში გაათანაბრა.

სუპერთასის რეგლამენტით, დამატებითი დრო არ ინიშნება და გუნდები მაშინვე პენალტების სერიაზე გადავიდნენ. თასის ბედი თეიმურაზ მარკოიშვილის მიერ არგატანილმა გოლმა გადაწყვიტა - კარებს საიმედოდ იცავდა როინ კვასხვაძე.

„დინამო“ სუპერთასის მფლობელი მერვედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ნემსაძისთვის დედაქალაქის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს პირველი ტიტულია.

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს იწყება - თბილისის „დინამო“ ეროვნული ლიგის ახალბედას, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0