თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, განაცხადა მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნიკა მელია: ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას >>
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მელია არ დაუკავებიათ, 18 თებერვალს მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება არ მისცეს.
„მოსამართლე ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური. ამიტომ, გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანს პატიმრობას უფარდებენ, გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს.
„საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია ორინსტანციური პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკითხი სულ მცირე ორი ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს და უნდა არსებობდეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა“, - განმარტა საძაგლიშვილმა.
მან მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუკი ის მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი.
ადვოკატებმა ასევე შეიტანეს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი.
ადრე საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველია გახდა მელიას დაპატიმრების გადადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შსს-მ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო.
მისი თქმით, შსს-ს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პატიმრობის შეფარდება არ შეესაბამება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ბრალდებულის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რადგან მელიას ქვეყნის დატოვება და საქმის მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა არ უცდია.