თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა ირანისთვის სანქციების აღდგენის შესახებ უკან გაიწვია.
ამის თაობაზე ნათქვამია წერილში, რომელიც გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა რიჩარდ მილსმა გაუგზავნა უშიშროების საბჭოს წევრებს.
„აშშ-ის ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ 2231-ე რეზოლუციის მე-7, მე-8 და ასევე 16-დან მე-20-მდე პარაგრაფებში მითითებული ზომები ძალაში რჩება“, — ნათქვამია წერილში.
საუბარია რეზოლუციაზე, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის შექმნის რეგლამენტირება მოახდინა და წინა დოკუმენტების მოქმედება შეაჩერა, რომლებითაც ირანს სანქციები უწესდებოდა.
გასული წლის აგვისტოში აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს გაუგზავნა საჩივარი, რომელშიც ირანის მიერ ბირთვული გარიგებების შეუსრულებლობაზე იყო ლაპარაკი. ამიტომ ვაშინგტონი აუცილებლად მიიჩნევდა სანქციების აღდგენის პროცედურის ამოქმედებას. მაშინ უშიშროების საბჭოს დიდი უმრავლესობა ამ ინიციატივის წინააღმდეგი წავიდა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარემ ამერიკულ მოთხოვნას არანაირი შემდგომი სვლა არ მისცა.