თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს გრანდსლემის (TEL AVIV GRAND SLAM 2021) პირველ საჭიდაო დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა. ინფორმაცია საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
მამაკაცთა შორის 60კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ნოზაძემ ფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან დათმო.
„გრანდსლემის“ პირველ დღეს ქალ ძიუდოისტთა შორის წარმატებულად იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმაც (-57კგ). ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა და მისთვის ეს „გრანდსლემზე“ მოპოვებული პირველი ტიტულია.
დღევანდელ საჭიდაო დღეს წარუმატებლად იასპარეზეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა. მედლის მოპოვება ვერ შეძლეს ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ), გიორგი ბაზანდარაშვილმა (-66კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (-52კგ) და მარიამ ჯანაშვილმა (-52კგ).
„გრანდსლემზე“ ხვალ მედლისთვის ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს. ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ძალებს 73კგ წონით კატეგორიაში მოსინჯავენ. პარალელურად ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი 81კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. ძიუდოისტები ხვალ ჭიდაობას თბილისის დროით 12:30 დაიწყებენ.
საქართველოს ნაკრები ისრაელში წარმოდგენილია 18 ძიუდოისტით - 13 ვაჟი და 5 ქალი.