თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს სამთავრობო პოლიტიკის უწყვეტ განხორციელებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ სამთავრობო პოლიტიკის და ფუნქციების უწყვეტად განხორციელებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. „ქართულ ოცნებას“ ასევე განსაზღვრული აქვს სამომავლო ნაბიჯები წარმატების მისაღწევად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
Parliament of 🇬🇪 will form a new Cabinet in the coming days. We will ensure continuity of govt policies for the benefit of our citizens. #GeorgianDream is in full control of its move forward!
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) February 18, 2021
ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე დღეს თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ პარტიას პარლამენტში 99 დეპუტატი ჰყავს.
მმართველ გუნდში გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს. ირაკლი ღარიბაშვილს ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია.
როგორი იქნება ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ჯერჯერობით უცნობია.