სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა: რა მოხდება ამის შემდეგ

© photo: Nika Melia / FBნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
მელიას პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობის მიღება ედება ბრალად. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას. ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება პოლიციას მოუწევს.

თავად მელია სასამართლო სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ტელევიზიით უყურებდა. იქვე შეკრებილია საქართველოს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას.

რა ბრალდებას უყენებენ მელიას

ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

მელიას საქმის ქვეტექსტი

დღეისათვის ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა და ოფიციალურად ქვეყანაში ეს პარტია მხარდამჭერთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.

გადაწყვეტილება მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე იქნა მიღებული.

ოპოზიცია, მათ შორის მელიას პარტია, უარს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუდმივად მართავენ საპროტესტო აქციებს ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი მოლაპარაკების საკითხი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით.

ახლა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური დაძაბულობის გრადუსს კიდევ უფრო მაღლა ასწევს, ფიქრობენ ექსპერტები.

სასამართლო პროცესის ისტორია

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და ხალხში გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.

ამასობაში 2020 წლის დეკემბერში მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა და დღემდე ფლობს დეპუტატის მანდატს. თებერვალში გაირკვა, რომ 40 ათასი ლარის გირაო მას არ გადაუხდია და არც აპირებს გადახდას.

ვიდრე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავდა, პროკურატურას დასჭირდა ახალი მოწვევის პარლამენტისთვის მიემართა. შედეგად – საკანონმდებლო ორგანომ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0