თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები დაწესდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ და მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ მონაკვეთებზე:
- გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ კურორტამდე;
- ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის;
- გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
- ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთი დაკეტილია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.
- შიდა ქართლში, აგარასთან საპატრულო პოლიციამ შეაჩერა სატვირთო ავტომობილები, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ.
- მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე აკრძალულია მოძრაობა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზეც.
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.
ამ დროისათვის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა შემდეგ მონაკვეთებზე:
- რიკოთის ტერიტორიაზე;
- თბილისის შემოვლით გზაზე;
- ასევე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე.