თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. კვების ობიექტების შიდა სივრცეებისთვის მუშაობის ახალ წესებზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.
გასული წლის ზაფხულში, კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ რესტორნებისთვის შემუშავდა მუშაობის წესები. თუმცა ამჟამად ეს წესები კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან მიიჩნევა, რომ რესტორანი „მაღალი რისკის შემცველი ობიექტია“.
„ჩვენ ვმსჯელობთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ერთ მაგიდასთან ადამიანთა რაოდენობა და თუ ეს იყო ექვსი ადამიანი, ახლა შეიძლება იყოს შიდა სივრცეში ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი ადამიანი“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ეკონომიკის სამინისტროში სარესტორნო ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფერაძის განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ კვების ობიექტებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის დაშვება განისაზღვროს ობიექტის ფართობის მიხედვით. მისი თქმით, ზედა ზღვრის დაწესება მნიშვნელოვანია, რათა რესტორნებში არ გაიმართოს სოციალური ღონისძიებები.
გარდა ამისა, კვების ობიექტებს, ბაზრობებისა და მოლების მსგავსად, თანამშრომელთა ტესტირება მოუწევთ. შეხვედრაზე იმსჯელეს, რა დოზით შეიძლება იყოს ჩართული სახელმწიფო ამ საკითხში.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება კვების ობიექტებში რეგულაციების დაცვა, რათა კვლავ შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო. ამ რეგულაციებში მოიაზრება სიცხის გაზომვა, ხელების დამუშავება, ერთჯერადი მენიუ ან მისი ელექტრონული ვერსია.
საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნა. ისინი სტუმრებს მაქსიმუმ 21:00 საათამდე და მხოლოდ ღია სივრცეში უმასპინძლდებიან. შაბათ-კვირას კვების ობიექტები არ მუშაობენ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ კვების ობიექტები შიდა სივრცეების გახსნას. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს.