თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩ აქბარ ყასემი ალიაბადთან შეხვედრა გამართა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ირანის დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები.
საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.