თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. გარდაბანში წელს იუსტიციის პირველი სახლი გაიხსნება, ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიუხედავადფ კორონავირუსის პანდემიისა, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით სტადიაზეა. ქალაქის მცხოვრებლები უწყების 450–ზე მეტი მომსახურებით სარგებლობას უკვე გაზაფხულზე შეძლებენ.
მშენებლობის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე გაეცნო. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და სამუშაო ადგილების შექმნა.
„სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. 10 რაიონში მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი უკვე შერჩეულია და პროექტიც მზადაა“, – განაცხადა გიორგაძემ.
იუსტიციის სახლის ფილიალები უკვე მოქმედებს რეგიონის სხვა ქალაქებში და კერძოდ, რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში.
- გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობას არქიტექტორი ლევან კაკაურიძე აპროექტებს. შენობის ფართი 1 000-მდე კვადრატული მეტრია. მისი მშენებლობა 2019 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. ფილიალში 17 პირი დასაქმდება.