თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა ჩვენს უმთავრეს ამოცანად რჩება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, 2021 წელს გაგრძელდება რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა. კერძოდ, წელს დასრულდება 300 კმ-მდე შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშოები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ტურიზმის განვითარებას.
„ბაღდათი–აბასთუმნის, ხულო–ზარზმის, საჩხერე–ონის, ლენტეხი–მესტიის, თბილისი–შატილის ახალი გზები რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს შექმნის. თითქმის დაცლილ სოფლებში ახალი ტურისტული პოტენციალი, სამუშაო ადგილები და მუდმივი შემოსავალი გაჩნდება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით მიმდინარე წელს ასევე გაგრძელდება საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ქალაქების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში ქუჩების განახლება მიმდინარეობს. უკვე დასრულდა 45 ქუჩის რეაბილიტაცია და წელს დასრულდება დარჩენილი 70 ქუჩის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, რეგიონული განვითარების პროექტების განხორციელების მიზნით ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო) დაიწყო საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.