თავდაპირველად პარლამენტის ზედა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია-პერფორმანსი. დემონსტრანტები უნდობლობას უცხადებდნენ მმართველ პარტიას. მათ ასევე გააპროტესტეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასათვის დეპუტატის ხელშეუხებლობის ჩამორთმევა.
პარლამენტთან ასევე მივიდა აქტივისტების ჯგუფი, რომელიც „მთავარი არხის“ თანამაფლობელის გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვდა და მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა.
მოგვიანებით პარლამენტთან მივიდნენ ელენე ხოშტარია და მისი მხარდამჭერები. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან ერთად მან მმართველი პარტიის დეპუტატებს „მისალოცი ღია ბარათები“ მიუტანა, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმოწერა იყო. ღია ბარათებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ კონკრეტულ დეპუტატებს სახელობით მოუმზადეს, რუსულად ეწერა Спасибо!