თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცათ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.
ამ ეტაპზე თბილისში ბინები საკუთრებაში გადაეცა 83 პოლიციელს, რუსთავში კი 56 პოლიციელს.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო აფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს მესაკუთრე საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით დაფარავს. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში მიიღებს.
ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი აქვს.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველი პირები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, კანდიდატებს შორის გამარჯვებულები კი ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.