მასშტაბური აქციები: ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია თბილისის ცენტრში
აქცია თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ორ მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ. აქციები თებერვლის და მარტის ბოლოს გაიმართება

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს.

ამის შესახებ ითქვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორშაბათს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაიმართა.

„ქართულ ოცნებას“ არ ესმის ჩვეულებრივი საუბარი, აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაშია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქცია-მსვლელობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომლისთვისაც პარლამენტი დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას გეგმავს.

მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და ორგანიზებაში, როდესაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. ბრალი მელიას 2019 წლის ივნისშივე წაუყენეს, თუმცა სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
საქართველოს პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს მოუხსნის

ცნობილია, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ პროკურატურა მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე პატიმრობას მოითხოვს.

„გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა, არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ და ოპოზიციაა მაგარი, უბრალოდ საფუძველი არ არსებობს“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

იმ შემთხვევაში, თუ მელია გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ოპოზიციის შემდგომ გეგმებზე.

„თუ ხელისუფლება გამოიყენებს ძალას, მას მოუწევს ფიზიკურად ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრება, ვიდრე ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს. წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ, რადგან  ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

პარლამენტი ნებართვას კომიტეტებზე განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გასცემს და ეს პროცედურა არ გულისხმობს მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას.

„ნიკა ჩემი უმცროსი მეგობარია. ის უსამართლობას ებრძვის პრინციპულად, ვაჟკაცურად. შესაბამისად, ყველა იმ ქმედებაში, რაც იქნება საჭირო, რომ ხელისუფლებამ უსამართლოდ არ დაჩაგროს ქვეყნის მოქალაქე, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე და ჩემი თანაპარტიელები ვიქნებით ნიკა მელიას გვერდით“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
ოპოზიციის რებრენდინგი ქართულად - სააკაშვილი რეიტინგულ ლიდერებს იბრუნებს?

„ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავიცვათ ნიკა მელია, რადგან ნიკა მელიას სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

თუ პარლამენტი მელიას თაობაზე პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.

ყველა ახალი ამბავი
0