თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლელი დიპლომატების გაძევება, რომლებიც რუსეთში არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობდნენ, არ უკავშირდება რუსეთში ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტს, იუწყება РИА Новости.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთში არასანქცირებულ აქციებში მონაწილე შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის დიპლომატები პერსონა ნონ–გრანტად გამოცხადდნენ და ქვეყანა უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ. ევროკავშირმა კატეგორიულად დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები არ ყოფილან დაკავებული რაიმე საქმიანობით, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამებოდა, არამედ მხოლოდ თავიანთ ფუნქციებს ასრულებდნენ. ორშაბათს პოლონეთმა, გერმანიამ და შვედეთმა საპასუხო ნაბიჯებისა და ამ ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადეს.
„რასაკვირველია, ეს არ უკავშირდება მის ვიზიტს. ეს გადაწყდა, როგორც კი უკანონო აქციებში მონაწილეობისას ამ ადამიანების იდენტიფიცირება მოხდა. შემდეგ დაიწყო „მითქმა–მოთქმა“ იმის გამო, რომ დიპლომატები, რომლებიც თავიანთ სამუშაოს, თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, არამართლზომიერად დააკავეს, ბრალი დასდეს იმაში, რაც არ ჩაუდენიათ - უკანონო აქციებში მონაწილეობა. ჩვენ მათ იმთავითვე შევახსენეთ, რომ ეს „აქცია“ უბრალოდ უნებართვო, არასანქცირებული კი არ იყო, არამედ ეს ბატონები არავითარი ნებართვის მოთხოვნას არც აპირებდნენ“, - განაცხადა ლავროვმა Соловьев Live–ზე ვლადიმერ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მანამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერი დიპლომატის ფუნქცია, ვენის კონვენციის თანახმად, ითვალისწინებს მასპინძელ ქვეყანაში სიტუაციაზე დაკვირვებასა და ანალიზს და არა პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას. მან გამორიცხა ასევე რუსი დიპლომატების მონაწილეობის შესაძლებლობა რაიმე სახის საპროტესტო აქციაში, მაგალითად, ბელგიის დედაქალაქში.
არასანქცირებული საპროტესტო აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 23–31 იანვრის პერიოდში, ასევე, ალექსეი ნავალნის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართა, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი გაფრთხილებისა, მათ შორის, კორონავირუსით ინფიცირების საფრთხის თაობაზე. სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს როგორც აქციების ორგანიზატორები, ისე რიგითი მონაწილეები, რომლებსაც ძალოვანებზე თავდასხმაში ედებათ ბრალი. პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა არასანქცირებული აქციების ორგანიზატორებს პროვოკატორები უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, მაგრამ „ყველაფერი, რაც კანონის ფარგლებს სცდება, არა უბრალოდ კონტრპროდუქტიული, არამედ სახიფათოცაა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნავალნისთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ, რჩევა მისცა პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და მიხედონ თავიანთი ქვეყნების პრობლემებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ამ თემაზე „ორი წვეთი წყალივით“ ჰგავს ერთმანეთს. პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კრემლში ყურად არ იღებენ უცხოეთში ნავალნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.