თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ცნობილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს საკუთარი ფილმების ელექტრონული ვერსიები გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა.
„[არქივისთვის გადაცემულ] ფილმებს შორისაა: „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „ძველი ქართული სიმღერა“, „თუჯი“, „მთვარის ფავორიტები“, „შემოდგომის ბაღები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვა“, — ნათქვამია განცხადებაში.
დღეისათვის ეროვნულ არქივში დაცულია 36 ათასზე მეტი კინოფირი, ასევე ფილმების ციფრული ვერსიები. ეროვნულ არქივში სისტემატურად მიმდინარეობს ფილმების გაციფრება 4k გარჩევადობის კინოსკანერზე და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ციფრული რესტავრაცია.
ოთარ იოსელიანი — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. 1984 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში. სხვადასხვა წლებში მიღბული აქვს: მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო, რუსეთის დამოუკიდებელი პრემია „ტრიუმფი“, ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი. 2013 წელს კი, კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, ლოკარნოს ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.