თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და მორწმუნეები არ არიან ვალდებული, ამისგან თავი შეიკავონ, განუცხადა ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საქართველოს საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ.
მისი თქმით, ვაქცინაციის გამო ეკლესია არავის გადასცემს ანათემას.
„ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არც ერთს არ ჩამოვართმევთ“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მან ასევე დასძინა, რომ რადგან ეს საკითხი საღვთისმეტყველო არ არის, ვინმესთვის დაძალება და კატეგორიულად თქმა, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია. „თუმცა, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ საქართველოში. ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესია“, – აღნიშნა მიტროპოლიტმ ნიკოლოზმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აიცრება თუ არა ის თავად, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ არ ეშინია და მზადაა, ყველას თვალწინ აიცრას, თუ ეს ვინმეს ნუგეშს მოუტანს, მაგრამ თუ მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, არ აიცრება, რადგან „ბავშვობის მერე ვაქცინა საერთოდ არ გამიკეთებია“ და ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
მეუფე დისოთეოს ბოგვერაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. თვითონ როგორი დამოკიდებულა აქვს ამ პროცესისადმი, ამაზე მღვდელმსახურმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც სულ ახლახან დასრულდა. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. ერთ–ერთი განსახილველი საკითხი ეკლესიის პოზიცია იყო კორონავირუსის ვაქცინაციის მიმართ.