თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ამჯერად 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავგამმართველი, IVECO-ს ტიპის სატვირთო ავტომობილი და MAN-ის ტიპის მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა. შესყიდვა ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისით, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სპეცტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება.
პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს უკვე შეისყიდა Toyota Land Cruiser მარკის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებები, Toyota Hilux მარკისა და FORD Ranger-ის მარკის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპები“, ასევე FORD TRANSIT-ის ტიპის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს ტიპის 7 ერთეული სპეციალიზებული მანქანა-მაცივარი.