ამ კითხვებზე პასუხს ექსპერტები იძლევიან ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარულ პორტალზე Shape.
„როდესაც ახალი ხილი ხელმისაწვდომი არ არის, ჩირი ყოველდღიურ საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ალტერნატივა ხდება“, — ამბობს დიეტოლოგი ლორენ მანაკერი.
მისი თქმით, ჩირი ისევე სასარგებლოა, როგორც ახალი ხილი. მაგალითად, მეოთხედი ჭიქა ქიშმიში შეიცავს კალიუმის ყოველდღიური ნორმის დაახლოებით ექვს პროცენტს – დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ერთი ჭიქა ახალი ყურძნის მარცვლები. ამასთან ჩირი ძალიან მდიდარია უჯრედისით, რაც ხელს უშლის სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას.
როგორც კვების ექსპერტი დანიელ გაფენი ამბობს, ჩირი წონაში მატების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„თუ თქვენი მიზანია ნახშირწყლების რაოდენობის გაზრდა ან წონაში მატება, ჩირი უნდა მიირთვათ. ხოლო თუ კალორიებსა და ულუფებს ითვლით წონის დასაკლებად ან შესანარჩუნებლად, ხმელი ხილი საუკეთესო არჩევანი არ არის“, — ამბობს ექსპერტი.
სპეციალსტები ხაზს უსვამენ, რომ ჩირის ჭამა იდეალურია ვარჯიშის წინ. ირკვევა, რომ ერთი მუჭა ჩირი საჭირო ენერგიით ავსებს ადამიანს. თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვა: ვარჯიშის წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ შავი ქლიავის ჩირი, ვინაიდან მას შეუძლია კუჭის აშლილობის გამოწვევა — უჯრედისის, სორბიტოლისა და შაქრის სპირტის ზემაღალი შემცველობის გამო.
ზოგადად, ჩირში ბევრია შაქარი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. თუ გამხმარ ხილს მაღაზიაში ყიდულობთ, დააკვირდით შეფუთვას, რომელზეც წერია, რა რაოდენობის საქაროზას, გლუკოზას, გლუკოზის სიროფს, დექსტროზასა და ლერწმის შაქარს შეიცავს იგი. ექსპერტების თქმით, ჩირი სასარგებლოა მაშინ, თუ ის დამატებით შაქარს არ შეიცავს.
ამასთან, მათი თქმით, აუცილებელია გაკონტროლდეს ჩირის რაოდენობა. უნდა იცოდეთ, რომ, მაგალითად, ერთი ჭიქა ყურძენი დაახლოებით 64 კალორიას შეიცავს, ერთ ჭიქა ქიშმიშში კი თითქმის 500 კალორია შედის.
კიდევ ერთი დეტალი, რასაც ჩირის შეძენისას უნდა მიექცეს ყურადღება, ეს, დანიელ გაფენის თქმით, არის სულფიტ-კონსერვანტების შემადგენლობა, რომელსაც ჩირისთვის ხასხასა ფერის მისანიჭებლად იყენებენ. ეს კი სულფიტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში, მაგალითად, ასთმით დაავადებულებში იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი კანზე ან რაიმე უფრო სერიოზული, მაგალითად, ანაფილაქსია.
გარდა ამისა, სულფიტებმა შეიძლება მუცლის შებერილობა და კუჭის სპაზმები გამოიწვიოს.
ჩირის ჭამისა და შენახვის წესები
ექსპერტების რჩევით, ჩირი უნდა დაუმატოთ ცხელ და ცივ ფაფებს, ცომეულსა და სალათებს.
„ეს არის მარტივი და სასიამოვნო გზა, რომ ჭამოთ მეტი ხილი და ჯანმრთელი გზით მიიღოთ უჯრედისი“, – ამბობს დიეტოლოგი ლორენ მანაკერი.
რაც შეეხება ხმელი ხილის შენახვას, სასურველია ჩირი ჰერმეტულ კონტეინერში ან მაცივარში შეინახოთ.
სხვათა შორის, თუ ჩირს ლითონის კონტეინერში შეინახავთ, დაადგენთ, შეიცავს თუ არა ის სულფიტებს. თუ შეიცავს, ჩირი ფერს შეიცვლის.