თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბიში თბილისში ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების ფარგლებში რუსეთს ანგარიშით 16:7 მოუგო.
თამაშის პირველი ნახევარი თანასწორ ბრძოლაში წარიმართა და აქტიური მოქმედებებით არცერთი გუნდი არ გამოირჩეოდა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.
მატჩის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. ვასილ ლობჟანიძემ წარმატებული ლელო დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა შეასრულა. კიდევ რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ჯარიმა მოიპოვეს და აბჟანდაძის ზუსტი დარტყმის შედეგად ანგარიში გახდა 10:0.
რუსეთის გუნდიც კარგად გამოიყურებოდა და 61-ე წუთზე ბოგდან ფედოტკომ ბურთი „ბორჯღალოსნების“ ჩათვლის ზონაში დაამიწა, რამილ გაისინმა კა გარდასახვა შეასრულა. ანგარიში გახდა 10:7 და მატჩში ინტრიგა გაჩნდა. თუმცა ლევან მაისაშვილის აღსაზრდელებმა კვლავ ჩაიგდეს ხელში ინიციატივა და აბჟანდაძემ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაამყარა.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთს ზედიზედ მე-19-დ მოუგო.
სატურნირო თვალსაზრისით თბილისში გამართულ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - საქართველოს ნაკრებმა წინასწარ, ჯერ კიდევ შარშან გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული, ხოლო რუსეთმა ტურნირის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.
2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.
საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 595:276, ლელოს რაოდენობა კი - 67:17.