თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. რუსთავში მართვის მოწმობის მიღების მსურველები გამოცდების ჩაბარებას და სხვა მომსახურების მიღებას უფრო კომფორტულ გარემოში შეძლებენ. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ყველა ქალაქში 1 თებერვლიდან, ორთვიანი შეჩერების შემდეგ, შესაძლებელი იქნება მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან ერთად მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ სტუმრებს მიმდინარე სიახლეები გააცნო და განახლებული ინფრასტრუქტურა გააცნო.
რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული, თანამედროვე დიზაინის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შშმ პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული, აღნიშნავენ უწყებაში.
ვახტანგ გომელაურმა რუსთავის საგამოცდო პრაქტიკული მოედანი და ახალი მოდელის თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი SKODA RAPID-ის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა.
მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. 1 თებერვლიდან მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ამ ორ ქალაქში თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, SKODA RAPID-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.
საქართველოს მასშტაბით სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გამოცდები კვლავ SHKODA FABIA-ს მოდელის მანქანით ჩაბარდება. 2021 წლის განმავლობაში მანქანები ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩანაცვლდება.
გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს გორის სტრუქტურულ ერთეულში მოქალაქეები „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ახალ საგამოცდო პრაქტიკულ მოედანზე აბარებენ. ქუთაისის მომსახურების ცენტრში კი „C1“, „C“, „D1“, „D“, „C1E“, „D1E“, „CE“ და „DE“ კატეგორიებისთვის განკუთვნილი ახალი პრაქტიკული საგამოცდო მოედანი მოეწყო.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება გასული წლის ნოემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეწყვეტილი.