თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგ–ლისტში (გრძელი სია) შევიდა.
International IMPAC Dublin Literary Award — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა, რომელიც 1966 წელს დუბლინის საქალაქო საბჭომ და ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა IMPAC დააწესეს. პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურენოვანი ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოების ავტორს. პრემიის ოდენობა 100 ათასი ევროა.
დუბლინის პრემია ითვლება არა მარტო ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფულად ჯილდოდ, არამედ ყველაზე დემოკრატიულად მსოფლიოში, რამდენადაც მასზე პრეტენზია შეუძლია გამოთქვას ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ეროვნების მწერალმა.
ერთადერთ შეზღუდვას წარმოადგენს წიგნის ინგლისურ ენაზე გამოქვეყნება. თუ წიგნი სხვა ენაზეა გამოცემული, პრემიის ნაწილი (25 ათასი ევრო) მთარგმნელს გადაეცემა, დანარჩენი თანხა (75 ათასი ევრო) კი ავტორს.
პრემიის ლონგ–ლისტში სხვადასხვა ქვეყნის 40-ზე მეტი ავტორის ნაწარმოებია შესული.
ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ 2014 წელს გამოიცა და პრესამ იგი წლის საუკეთესო გერმანულენოვან რომანად დაასახელა.
საკმაოდ სქელტანიანი რომანი (1270 გვერდი) ოჯახური საგაა, რომელიც ექვსი თაობის ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთი პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება გამოსცადა.
რომანში „მერვე სიცოცხლე“ ხარატიშვილი გაბედულად ეხება კონფლიქტს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, აღწერს რთულ ისტორიულ პროცესებს, რევოლუციებსა და ომებს. მწერალი გულახდილად საუბრობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, აღწერს ადამიანურ შეცდომებსა და საბედისწერო ამბებს, ასევე ქალთა გმირობებს და ა.შ.
გერმანულიდან ინგლისურ ენაზე ნაწარმოები თარგმნეს შარლოტა კოლინზმა და რუთ მარტინმა.