თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ამერიკელი ამომრჩევლების დიდი ნაწილი მზადაა, გაწევრიანდეს ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ პოლიტიკურ პარტიაში, თუ ყოფილი ლიდერი მას მართლაც ჩამოაყალიბებს, იუწყება გაზეთი The Hill.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემამ სოციოლოგიური კვლევა კომპანია HarrisX-თან ერთად ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 37%-მა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით შევიდოდნენ პარტიაში, რომლის ხელმძღვანელიც ტრამპი იქნებოდა.
ამასთან ირკვევა, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების 64% უკვე მზადაა დონალდ ტრამპის პარტიაში გასაწევრიანებლად.
რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს, მათი 15% აცხადებს, რომ დიდი ალბათობით გახდებოდა ტრამპის ახალი პარტიის წევრი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ იმ ამომრჩევლების 28%, რომლებიც არც დემოკრატიულ და არც რესპუბლიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ასევე მზად არის ამერიკის ყოფილი ლიდერის ახალ პარტიაში გასაწევრიანებლად.
გამოკითხვაში, რომელიც 28–29 იანვარს ჩატარდა, 945 დარეგისტრირებული ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას.
მანამდე The Wall Street Journal-მა და ასევე რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის წინ დონალდ ტრამპმა თანამოაზრეებთან ერთად განიხილა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხი, რომლის სახელწოდებაც „პატრიოტული პარტია“ იქნებოდა. გარდა ამისა, როგორც გაზეთი Politico ირწმუნებოდა, ტრამპმა გარემოცვას ისიც გაუმხილა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.