ავეჯის რესტავრატორმა ძველ დივანში წინასწარმეტყველური წერილი იპოვა: რა ახდა

CC0 / Pixabay / ძველი დივანი
ძველი დივანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
ძველი დივნის საზურგეში ნაპოვნი წინასწარმეტყველური წერილი რესტავრატორის მეუღლემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა მისი ავტორის პოვნის იმედით.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ავეჯის რესტავრატორმა ძველ დივანში აღმოაჩინა წერილი, რომელიც 1969 წელსაა დაწერილი და რომელში მოყვანილი ფაქტებიც ერთგვარად წინასწარმეტყველური ხასიათისა გამოდგა, იუწყება Mirror.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბრიტანეთის ქალაქ პიტერბოროში მცხოვრებ პიტერ ბეკერტონზე.

პიტერ ბეკერტონის მეუღლემ, როზამ დივანში ნაპოვნი წერილის გამოქვეყნება იმ იმედით გადაწყვიტა, რომ წერილის ავტორს იპოვიდა, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

​ირკვევა, რომ 1969 წლის 23 თებერვლით დათარიღებული წერილი პიტერმა ძველი დივნის საზურგეში იპოვა, რომელიც მას რესტავრაციისთვის გაუგზავნეს. წერილის ავტორი იმ დროს 11 წლის გოგონა იყო, რომელიც საშინაო დავალების წერისას ფანტაზიორობდა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება და სამყარო მომავალში — ასე, 1980 წლისთვის.

გაზეთის ცნობით, გოგონას ისეთი მოვლენები აქვს აღწერილი საშინაო დავალებაში, რომელთა ნაწილიც უკვე ასრულებულია. მაგალითად, ის წერდა, რომ მრავალი წლის შემდეგ ტელეფონს ეკრანი ექნებოდა „ტელევიზორის მსგავსად“ და მოსაუბრის დანახვა შესაძლებელი გახდებოდა. ამასთან, მისი პროგნოზით, ტელევიზორებიც შეიცვლებოდა და პატარა ყუთებიდან დიდ ეკრანებად გადაიქცეოდა, რომელთა მართვაც სავარძლის სახელურიდან იქნებოდა შესაძლებელი; ხოლო სახლებში კარები ელექტრონული გახდებოდა და ღილაკზე დაჭერით გაიხსნებოდა.

თუმცა გოგონას ფანტაზიებიდან ყველაფერი არ ამხდარა, მაგალითად, ის, რომ მომავალში ჩვეული საკვები აღარ იარსებებდა და დანაყრება საღეჭი რეზინით იქნებოდა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0