თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოში საფეხბურთო სეზონი გაიხსნება სუპერთასის მატჩით, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
სუპერთასის მატჩი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „დინამოს“ და თასის მფლობელ „გაგრას“ შორის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19-ის პანდემიის გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
ამჟამად „დინამოელები“ თურქეთში სეზონის წინა შეკრებას გადიან. მომდევნო ტესტ-მატჩს „დინამო“ 6 თებერვალს უკრაინას „ზარიას“ წინააღმდეგ გამართავს.