თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რიგი შეზღუდვების შემსუბუქებაზე ბიზნესისთვის შვებაა, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც რესტორატორები მოვითხოვდით, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.
15 თებერვლიდან რესტორნები საქმიანობას განაახლებენ>>
საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნება. ისინი სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ და იმუშავებენ ყოველდღე, გარდა შაბათ–კვირისა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია და ყინული დაძრულია... ეს გარკვეულწილად არის შვება. პირველ რიგში, მისასალმებელია ტრანსპორტის გახსნა. რაც შეეხება უშუალოდ სტუმარმასპინძლობის სფეროს და კვების ობიექტებს, ეს ის გამოსავალი არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ გარკვეულწილად ზოგიერთი ოპერატორისთვის ეს მიღწეული ნაბიჯია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გუშინ დაახლოებით 200-მა რესტორატორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მოქმედი შეზღუდვებისა, 6 თებერვალს გახსნან თავიანთი ობიექტები.
ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც არ გაიმართა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათი მოწოდებები გახსნის შესახებ არ გაითვალისწინეს.
„რაც შეეხება შაბათის აქციას, შევიკრიბებით საღამოს და განვაცხადებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ეს ხომ პირველი ნაბიჯია, დღეს მე არ მოველოდი, რომ გაიხსნებოდა ყველაფერი და მივიღებდით ამ შედეგს. შემდეგი ნაბიჯებისთვის კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
რესტორნები აკრძალვის მიუხედავად მუშაობის განახლებას აანონსებენ>>
საქართველოში კორონავირუსით დაავადების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდ დღეში 4%-მდე შემცირდა და მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო.