თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სხეულზე წითელი ხალები შეიძლება ღვიძლის პრობლემებზე მიანიშნებდეს, აცხადებს დერმატოლოგი ოლესია მარკელოვა.
მისი თქმით, ადამიანებს წითელი ხალები ხშირად ერევათ სხვა წითელ წერტილებში. ექიმი განმარტავს, რომ არსებობს კანის ვიზუალურად მსგავსი ცვლილებები, რომლებიც შეიძლება ნამდვილ ანგიომაში, ანუ წითელ ხალებში აგვერიოს. ასეთი ცვლილებები შეიძლება სისხლძარღვოვანი დარღვევებით (სახეზე წერტილები, სხეულზე კი — კაპილარული „ვარსკვლავები“) ან ალერგიით იყოს გამოწვეული. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჩნდება წვრილი წერტილები, რომლებზე თითის დაჭერის შემდეგაც თეთრი ლაქა რჩება და წერტილი უხილავი ხდება.
ანგიომებს არ ახასიათებს კეროვანი წარმოქმნა, ისინი თანდათან ჩნდება — ჯერ ერთი–ორი, შემდეგ კი სულ უფრო მეტი და მეტი.
ექიმი განმარტავს, რომ თუ საქმე ნამდვილად წითელ ხალებთან გვაქვს, მაშინ პირველ რიგში ღვიძლზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
„უპირველესი მიზეზი, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო — ეს ღვიძლის მხრივ დარღვევებია... მათი გაჩენა შეუძლია ტოქსიკურ გარემოსაც — მძიმე ლითონებსა თუ ვირუსულ ინფექციებს. მესამე ვარიანტი — ანტიდეპრესანტებისა და ჰორმონალური პრეპარატების მიღებაა“, — ამბობს სპეციალისტი.
დერმატოლოგის თქმით, თავისთავად წითელი ხალების გაჩენა საშიში არ არის, თუმცა ღვიძლის მუშაობაზე ყურაღების გამახვილება კი ნამდვილად აუცილებელია.
ექიმი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ანგიომები ბევრს ესთეტიკურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს შეგიძლიათ ლაზერული ქირურგიის ნებისმიერ მეთოდს მიმართოთ და უსიამოვნო ცვლილებები აღკვეთოთ. თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ანგიომის ზომისა და ადგილმდებარეობის შესაბამისად შეგირჩევთ ოპერაციის მეთოდს.