თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. მთავრობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ღია და დახურული ბაზრობების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინაღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, თუმცა აკრძალვები კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას. შესაბამისად, ბაზრობები უქმეებზე არ იმუშავებენ.
1 თებერვლიდან თბილისში მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. ყველა დანარჩენი კოვიდ-შეზღუდვა, მათ შორის, ტრანსპორტის, ბაზრების, რესტორნების, ფიტნეს–დარბაზებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის განახლებაზე აკრძალვა ძალაში 1 მარტამდე იყო. თუმცა, ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება გადაიხედებოდა იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი კვირის განმავლობაში 4%-ზე დაბალი იქნებოდა.