შეხლა-შემოხლა ჩხოროწყუში: აღშფოთებული მოსახლეობა მერის გადადგომას მოითხოვს – ვიდეო

გამოწერა
ჩხოროწყუს მოსახლეობამ და სამოქალაქო  აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მერის გადადგომა მოითხოვეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა შეხლა–შემოხლა.

აქციას ბავშვებთან დაკავშირებული სკანდალური ისტორია ედო საფუძვლად, რომლებსაც საპირფარეშოების დასუფთავება დაავალეს.

მასმედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ–ერთი სკოლის დირექტორის თანხმობით, „შაბათობა“ მოაწყო და მეშვიდეკლასელ ბავშვებს ტერიტორიის დასუფთავება დაავალა. როგორც გაირკვა, აქცია მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ტუალეტის დასუფთავებას მოიაზრებდა.

მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც საპირფარეშოში საწმენდი საშუალებებით აღჭურვილი ბავშვები აღმოაჩინა, დაინტერესდა მათი იქ ყოფნის მიზეზით. ფაქტის გახმაურების შემდეგ ბავშვები მერიის შენობიდან გაიყვანეს, თუმცა სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა, რასაც სკანდალი მოჰყვა.

გარდა იმისა, რომ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული, ამ ისტორიამ ჩხოროწყუში საპროტესტო ტალღა ააგორა. უკვე მეორე დღეა, რაც მოსახლეობა ადმინისტრაციულ შენობასთან იკრიბება და აღშფოთებას გამოხატავს. დღეს აქციაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიციამ მერიის შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აქციის მონაწილეთა მცდელობა, პირისპირ შეხვედროდნენ ქალაქის მერს და მისგან მოესმინათ განმარტება მომხდარის შესახებ, უშედეგოდ დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0