„მზიურში“  თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოეწყობა

© Sputnik / Levan Avlabreliპარკი "მზიური"
პარკი მზიური - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
საბავშვო ქალაქში მდებარე საბაგიროს ყოფილი  შენობის რეაბილიტაციას თბილისის მერია ახორციელებს.  პროექტის დასრულებას აპრილში ვარაუდობენ.

 

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. განახლებულ პარკ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო, იუწყება თბილისის მერია.

პროექტი ითვალისწინებს პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას.

„პარკ „მზიურში“ ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება. შარშან დავასრულეთ პარკის სრული რეაბილიტაცია და  მოსახლეობას დავპირდით, რომ  საბაგიროს ყოფილი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოწესრიგდებოდა და აღდგებოდა. ამ შენობაში თანამედროვე გალერეა დაიდებს ბინას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
პარკი „მზიური“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2020
„მზიურის“ რეაბილიტაცია დასრულდა - ვიდეო

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ურბანულ სივრცეში შექმნილი მულტიმედიური პლატფორმის მეშვეობით, თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა, საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა,  თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა.

„მზიურის“ გალერეა სოციალური, არაკომერციული პროექტია, რომლის იდეასა და შესაძლებლობების განვითარებაზე ფონდი „აჰუაჰუ“ მუშაობს. ბავშვთა ქალაქში გალერეა-მედიათეკას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მოაწყობს, ხოლო შემდეგ, აღნიშნული შენობა-ნაგებობა სოციალურ საწარმოს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა.

პარკი „მზიური" თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
გასულ წელს პარკის რეაბილიტაცია სრულად დასრულდა, რომლის ფარგლებშიც განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო სივრცეები, ასევე, სკეიტპარკი.

ყველა ახალი ამბავი
0