თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის მეტეოროლოგიურ სადგურში თანამედროვე რადარი დამონტაჟდა. რადარის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი ხდება დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა, რაც შესაძლო წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ შესაბამისი უწყებების დროულად ინფორმირებას უზრუნველყოფს.
პრემიერთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ.
„ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მეტეოროლოგიურ სადგურში თანამედროვე ტიპის რადარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა.