ჩხოროწყუში ბავშვებს მერიის საპირფარეშოების დასუფთავება აიძულეს

© Facebook / Chkhorotsku Municipality Councilჩხოროწყუ
ჩხოროწყუ - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
შესაბამისი ორგანოები ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაში“ ჩართო და მათ ჩხოროწყუს მერიის შენობაში საპირფარეშოების დასუფთავება დაავალა.

მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან. ამის შემდეგ ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. თუმცა, ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, მერია საქმის კურსში არ იყო და როგორც კი ფაქტის შესახებ გაიგეს, ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გაირკვევა, რატომ მიიყვანა აღნიშნულმა პირმა ბავშვები მერიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს სწავლობს საქართველოს განათლების სამინისტროც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 150-ე („იძულება“) მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0