თემურ წიკლაური გარდაიცვალა

© courtesy of Temur Tsiklauriთემურ წიკლაური
თემურ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
თემურ წიკლაური იანვრის პირველი რიცხვებში კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით იანვრის პირველ რიცხვებში თავისი ბოლო კლიპის გადაღებების ან, შესაძლოა, მონტაჟის დროს დაინფიცირდა. რამდენიმე თვის წინ მან გულის ოპერაცია - კორონარული შუნტირება გადაიტანა.

თემურ წიკლაური ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ წევრია. დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობი იყო. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებში: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“ (1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.

ყველა ახალი ამბავი
0