თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას 4 თებერვლიდან განაახლებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა იცვლება 1 თებერვლიდან საქართველოში>>
უწყების ცნობით, კიევი–თბილისი–კიევის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. მგზავრთა გადაყვანა არსებული სასაზღვრო და სანიტარიული რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.
SkyUp Airlines – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ხოლო ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო.
საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა დღეიდან, 1 თებერვლიდან განაახლა.
საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით გასული წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.
„ბელავია“ მინსკიდან თბილისში კვირაში სამჯერ იფრენს>>
ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო უმეტესი მათგანი ისევ შეჩერდა. ბოლოს ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.