თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ბიზნესმენები, ასევე რესტორნების და სასტუმროების თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე ქუჩებში ქვაბებით და ჩამჩებით გამოვიდნენ, წერს გაზეთი El Pais.
მეწარმეები კოვიდ-შეზღუდვების ფონზე გადასახადების დროებით გაუქმებას მოითხოვენ. ადამიანებმა ადმინისტრაციულ შენობებთან თავისი საბანკო ანგარიშები, კაფეებისა და სასტუმროების გასაღებები დატოვეს. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი დაწესებულება გაკოტრდა ან ახლა კოტრდება.
საქართველოშიც გაიმართა აქციები, რომლებზეც სარესტორნო და ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვლიდან მოითხოვეს. სარესტორნო სექტორის ნაწილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობაზე დაფიქრდება და აკრძალვის მიუხედავად შესაძლოა რესტორნები ორშაბათიდან გახსნას.
ესპანეთში კი „ქვაბების“ პროტესტი ადრეც მოხდა. გაზაფხულზე მადრიდის და სხვა ქალაქების მცხოვრებლები გავიდნენ აივნებზე და კარანტინის გაგრძელების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სამზარეულოს ნივთებით ხმაური ატეხეს.
ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში მომატებული მზადყოფნის რეჟიმი შემოიღო 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, მისი მოქმედება 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა. ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 2,7 მილიონი ადამიანი. გარდაიცვალა 58 318 პაციენტი.