2020 წლის ათი გამორჩეული ფილმი

გამოწერა
2020 წელმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი, შეცვალა როგორც მსოფლიო დღის წესრიგი, ასევე თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა. ის მართლაც  ერთი გაწელილი, საშინელებათა ჟანრის ფილმი აღმოჩნდა, რომლის მთავარი გმირები ჩვენ თვითონ ვიყავით და რომლის ფინალი ჯერ არც გვინახავს...

გასული წელი დაუნდობელი და მძიმე აღმოჩნდა კინოსამყაროსთვისაც. პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადრეულ გაზაფხულზე დახურა კინოთეატრები, ჩაშალა კინოფესტივალები და გაურკვეველი ვადით გადადო კინოპრემიერები.

არავინ იცის, 2021 წელი დაგვაბრუნებს კინოთეატრებში თუ ახალი ფილმების ყურებას კვლავ ტელევიზორებში, კომპიუტერებსა და ტელეფონებში გავაგრძელებთ. თუმცა, თითქმის ერთწლიანმა იზოლაციამ დაადასტურა, რომ კინო  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მან უდიდესი როლი შეასრულა მძიმე წლის გადაგორებაში.

ტელევიზორი - Sputnik საქართველო
ახალი მინი-სერიალები, რომლებიც ახალი წლის არდადეგებზე უნდა ნახოთ

ალბათ დამეთანხმებით, იმ დროს, როცა მსოფლიო კინოინდუსტრიას საკმაოდ წარუმატებელი წელი ჰქონდა, რთულია გასული წლის საუკეთესო ფილმებზე წერა.  თუმცა ამ დიდი წნეხისა და პრობლემების მიუხედავად, 2020 წელმა კინომოყვარულებს რამდენიმე გამორჩეული და ხარისხიანი ფილმი მაინც აჩუქა.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით 2020 წლის 10 გამორჩეული, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმი წამოგიდგინოთ.

1. მომთაბარეთა მიწა ( Nomadland) IMDB- 7.6 აშშ, გერმანია

„მომთაბარეთა მიწა“ 2020 წლის ვენეციის კინოფეტივალის გამარჯვებული ფილმია. ის 60 წლის დაქვრივებულ, მარტოხელა ქალზე (ფრენსის მაკდორმადი) მოგვითხრობს, რომელიც კარგავს ყველაფერს, რაც აქამდე მშობლიურ ქალაქში აჩერებდა. დარჩენილი ფულით ფურგონს იყიდის და სამოგზაუროდ მიდის.

ძალიან სადა ფილმი თანაგრძნობით გვავსებს მარტოდ დარჩენილი ქალის მიმართ, რომელსაც გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად მომთაბარეობა დარჩენია. კრიტიკოსების შეფასებით, „ჩუმი, თბილი და ტკივილიანი ფილმი ამერიკის იმ სახეს შეისწავლის, რომელიც აქამდე იშვიათად თუ გვინახავს“.

ფილმში უარყოფილია ყველაფერი, რაც სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდას ქმნის ( სახლი, სამუშაო) სიახლის, თავისუფლებისა და მოძრაობის სასარგებლოდ.

2. არასოდეს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის ( Never Rarely Sometimes Always)  IMDB -7.1  დიდი ბრიტანეთი, აშშ

საუკეთესო მეგობრები მოზარდობის წლებს პენსილვანიის  სოფელში ატარებენ, როდესაც ერთ-ერთ მათგანს თავს პრობლემები ატყდება. რეჟისორი ფილმში დეტალურად გვიჩვენებს წარმოუდგენლად გრძელ და მძიმე გზას, რომელსაც 17 წლის გოგონა  აბორტის გაკეთებამდე გაივლის. მას ერთადერთ მხარდამჭერად მეგობარი გოგო ჰყავს.

უნდა გააჩინოს თუ არა ქალმა შვილი, რომლის მამა შესაძლოა სძულდეს, როგორც მოძალადე? აქვს თუ არა ქალს უფლება, მართოს საკუთარი სხეული? - ეს ჩუმი, მაღალფარდოვანებისგან დაცლილი ფილმი ნამდვილად დაგვაფიქრებს ამ კითხვებზე.

რატომ ჰქვია ასეთი უჩვეულო სათაური? ამას ფილმის ერთი სცენიდან შეიტყობთ, რომელიც მაყურებელზე კვალს ნამდვილად ტოვებს.

3. მანკი (Mank) IMDB – 7.1 აშშ

დევიდ ფინჩერის ახალ შავ-თეთრ ფილმს ამერიკელი კონოდრამატურგის, ჰერმანამ  მანკევიჩის ისტორია დაედო საფუძვლად. „მანკი“ საკულტო შედევრის, ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ გენიალურ ფილმად აღიარებული „მოქალაქე კეინის“ შექმნის წინაპირობებზე მოგვითხრობს.

რეჟისორს  და თავად ფილმსაც ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე დამსახურებულ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ, ასევე გარი ოლდმანს შესანიშნავი შესრულებისთვის.

4. პირველი ძროხა (First Cow) IMDB- 7.1 აშშ

მომაჯადოვებელი, საუცხოო ვესტერნი. ფილმში მოქმედება მე-19 საუკუნეში ხდება. რეჟისორი საოცარი გრძნობებით აღწერს ორი ხელმოკლე მეგობრის ცხოვრებას ორეგონის შტატში. მათ გადარჩენისთვის ფინანსურად მომგებიანი საქმის წამოწყება სურთ: საკუთარი ფერმის, საცხობის ან სასტუმროს გახსნა.

ფილმში ერთი ფრაზა გაიჟღერებს: „ღარიბს შესაძლებლობა არ აქვს, რომ საქმე წამოიწყოს. ამას ქონება სჭირდება, ან სასწაული, ან კიდევ ბოროტმოქმედება“. მათ კი არც ქონება აქვთ და არც სასწაულის იმედი.

რა გზას აიჩევს ორი მეგობარი, ამას ფილმში ნახავთ. მოკლედ, ნახეთ, როგორ აპირებენ გმირები „ამერიკული ოცნების“ ახდენას.

5. ეშმაკი ყოველთვის აქაა ( The Devil All The Time) IMDB- 7.1 აშშ

შუაგული ამერიკა. საოცარი სიფაქიზითა და სიზუსტით მოთხრობილი ამბავი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი საყვარელი ხალხი დაიცვას ომის შემდგომი პერიოდის ერთ მიყრუებულ ქალაქში. ქალაქში, სადაც სისასტიკე და კორუფციაა გამეფებული.

6. კიდევ ერთი ჭიქა (Another Round) IMDB -7.8  დანია, შვედეთი, ნიდერლანდები

ამაღელვებელი ამბავი 4 მასწავლებელზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ალკოჰოლის მოხმარებაზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. ექსპერიმენტის წინაპირობა ასეთი იყო: ადამიანები სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობით დაიბადნენ. მეგობრებმა გადაწვიტეს, რომ ეს „დეფიციტი“ ალკოჰოლის დღიური დოზის მიღებით  შეივსონ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხს გაზრდის.

რას მოიტანს ეს ექსპერიმენტი? გაამართლებს თუ მათ ცხოვრებას ფსკერამდე ჩაიტანს? ტომას ვინტერბერგის საოცრად ამაღელვებელი ფილმი, რომელიც ოპტიმიზმისა და მელანქოლიის საოცარი ნაზავია,  ეკრანთან მიგაჯაჭვებთ, და ამას ზედ მადს მიკელსენის განუმეორებელი ქარიზმაც ერთვის. ფინალი კი ნამდვილი ემოციური აფეთქებაა.

7. ბოროტება არ არსებობს ( There Is No Evil) IMDB -7.2 ირანი

ფილმში, რომელიც  ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვითაა“ დაჯილდოვებული, ოთხი ამბავია გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა კინოფესტივალზე ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო პროპაგანდაში დასდო ბრალი და ქვეყნიდან არ გაუშვა.

ირანულ შედევრში რეჟისორმა მოახერხა,ხმამაღლა ეთქვა, რომ სიკვდილით დასჯა ბოროტებაა. ფილმში იმაზე კი არაა აქცენტი გაკეთებელი, ვინ არიან მსჯავრდებულები და რატომ აღმოჩნდნენ სიკვდილმისჯილები, არამედ იმ ადამიანების თვალებში ჩახედვა სურთ, ვინც სასიკვდილო განაჩენს უყოყმანოდ აღავლენს.

8. მულტიმილიონერი (Kajillionaire) IMDB – 6.4 აშშ

ერთდროულად სასაცილო და სევდიანი ფილმი ქალის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც კრიმინალი მშობლების გამო თავდაყირა დადგება.

ფილმის მთავარი მოქმედი გმირები სხვის სახლში შეიჭრებიან და ცდილობენ იმ ოჯახის წევრების როლი ითამაშონ. ფილმი რაღაცით გასული წლის ტრიუმფატორ „პარაზიტს“ მოგაგონებთ.

9. დაუ, ნატაშა (Dau, Natasha) IMDB -6.4 რუსეთი, გერმანია

ამ ფილმს ყველაზე მეტად მოაქვს 2020 წლის განწყობა: მაყურებელს ერთდროულად სიცილის, ტკივილისა და სასოწარკვეთილები შეგრძნება ეუფლება.

„დაუ, ნატაშა“ საბჭოთა კავშირის საიდუმლო კვლევითი დაწესებულების ბუფეტში მომუშავე ქალზე მოგვითხრობს. ის ბევრს სვამს, ლაპარაკობს სიყვარულზე და სასიყვარულო ურთიერთობასაც წამოიწყებს, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერევა.

„დაუ, ნატაშა“ ბერლინის კინოფესტივალის ყველაზე სკანდალურ ფილმად შეფასდა.

10. ცუდი ისტორიები (Bad Tales) IMDB- 6.5  იტალია, შვეიცარია

ალბათ ყველა მშობელი უკითხავს ბავშვებს ზღაპრებს, სადაც ყველაფერი ბედნიერად სრულდება, გვინდა, ბავშვებს სამყარო ასეთი ეგონოთ. თუმცა იტალიელი რეჟისორი ძმების ფილმი „ცუდი ისტორიები“ საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს: ბავშვები იმაზე მეტს ხედავენ და ესმით, ვიდრე წარმოვიდგენთ.

ფილმის ფინალი კი გვანახებს, როგორია ბავშვების შურისძიება იმ საყოველთაო ძალადობასა და გულგრილობაზე, რომლებსაც უფროსები მათ  ზღაპრების მიღმა, რეალური ცხოვრების სახით სთავაზობენ.

რა ვიცით ჩვენ ბავშვებზე? ფილმი გვიჩვენებს, რომ ბევრი არაფერი.

სასიამოვნო ყურებას გისურებთ და იმედს ვიტოვებთ,  რომ მალე კინოთეატრები გაიხსნება, ახალ ფილმებს მხოლოდ პატარა ეკრანზე არ ვუყურებთ და კინომოყვარულები გაურკვეველ ქაოსში დიდხანს არ დარჩებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0